English / ქართული / русский /
თამაზ გამსახურდიათეიმურაზ ფესტვენიძე
მენეჯერის გონივრული გადაწყვეტილება ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორია

ანოტცია. ნაშრომში განხილულია, თუ როგორ არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული კანონების შესაბამისად მოქმედ  ქვეყნაში, სადაც ხელისუფლება დღენიადაგ ზრუნავს ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, ხოლო ყოველი ადამიანი სათანადო მზრუნველობას იჩენს მაღალი საზოგადოების ჩამოყალიბება-განვითარებისადმი. იქმნება იმის პირობა, რომ ადამიანები შეგნებულად მიუდგნენ როგორც პირად,  ასევე სახელმწიფოებრივი მოვალების შესრულებას. მოქალაქე, როცა კანონის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს,  მაშინ ხელისუფლება საზოგადოების წევრებთან ერთად შეძლებს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას.

აქვე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ შინაური მტრების მიერ ქვეყნის არაერთი მატერიალური და არამატერიალური ფასეულებები იქნა ხელყოფილი, მათ შორის რაც ყველაზე მტკივნეულია ის, რომ დავკარგეთ ქვეყნის მთელი რიგი ტერიტორიები.

განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ქართული ბრენდის „ბორჯომისა“ და სხვა მინერალური წყლების ქვეყნისათვის გონივრულ და ეფექტურ გამოყენებაზე. 

საქართველო უხსოვარი დროიდან მიმზიდველ და სტუმართმოყვარე ქვეყნად ითვლება, რომელსაც გააჩნია კარგი ბუნებრივ-კლიმატური პირობები. ჩვენ ერთ-ერთი უძველესი და ამავე დროს  განსხვავებული, მდიდარი, საამაყო ტრადიციების მქონე გამორჩეული ერი ვართ მთელ მსოფლიოში. როცა საქართველოდან ქართველი კაცის გულწრფელობით, სტუმართ­მოყვარეობით სასიამოვნოდ გაოცებული უცხოელები მიდიან და ისევ უნდათ ჩვენთან დაბრუნება, ქართველებს უცხოეთისკენ გაურბით თვალი და გონება, რატომღაც გული არ მიუწევთ მიტოვებული და დავიწყებული მშობლიური სახლისკენ.

ქვეყნაში, სადაც კანონები კანონობს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცულია, ხელისუფლება დღენიადაგ ზრუნავს ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე,  ხოლო ყოველი ადამიანი მზრუნველობას იჩენს მაღალი საზოგადოების ჩამოყალიბება-განვითარებისადმი. იქმნება იმის პირობა, რომ ადამიანები შეგნებულად მიუდგნენ როგორც პირად,  ასევე სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესრულებას. როდესაც მოქალაქე  კანონის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს, მაშინ ხელისუფლება საზოგადოების წევრებთან ერთად  შეძლებს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას.

პანდემიის შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა მძიმე მდგომარეობა შეუქმნა მსოფლიოს მოსახლეობას, მათ შორის საქართველოსაც. ამას დაემატა რუსეთ-უკრაინის ომი, გაღრმავდა კრიზისი. მიუხედავად სირთულეებისა ხელისუფლება დაკვირვებით, გონივრული მიდგომით ასე თუ ისე უმკლავდება რთული პირობების მართვას. ამ დროს საჭიროა საზოგადოების მხრიდანაც იყოს ერთობა, სახელმწიფოებრივად აზროვნება, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერება, „ერისა და ბერის“ ერთიანობა ხელისუფლებასთან. როცა ქვეყანას ბეწვის ხიდზე უწევს გავლა, საზოგადოებას სჭირდება მშვიდობა, სიყვარული და არა ქიშპობა და ომი.

პანდემიით დაზარალებული მოსახლეობის მკურნალობისათვის, სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად და მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოძმე უკრაინელი ხალხის დახმარებისათვის სოლიდური ფულადი რესურსები იქნა დახარჯული. რაც მძიმე ტვირთად აწვება ისედაც მწირ ბიუჯეტს. უჭირს მოსახლეობის დიდ ნაწილს, გაღრმავდა სოციალური დაძაბულობა, რითაც მხოლოდ პარტიული და პირადი ინტერესებით მოქმედი ვაი პოლიტიკოსები ცდილობენ თავიანთ სასარგებლოდ, მაგრამ ძირითადად ქვეყნის საზიანოდ, არა მარტო გამოიყენონ ეს სიტუაცია, არამედ კიდევ უფრო დაძაბონ მდგომარეობა. ყოველივე ამას ნეგატივის მეტი არაფერი მოაქვს, ხელს უშლის ქვეყნაში პროგრესის განვითარებას.

საქართველოს მტრებს არ სძინავთ, იმის ფიქრში არიან, როგორმე ძირი გამოუთხარონ ჩვენ ქვეყნას. საქართველოს არასოდეს არ აკლდა მოღალატეები და მათი ბინძური ქმედებები. გრიგოლ რობაქიძე ბრძანებდა: „საქართველოს ქართველზე უფრო დიდი მტერი არავინ ჰყავსო“.

თითოეული მოქალაქე უნდა ფიქრობდეს თუ რა სარგებლობა მოუტანა ქვეყანასა და თავის თავს. ასეთი სულისკვეთებით და მოწოდებით უნდა ცხოვრობდნენ ადამიანები საქართველოში, რომლებსაც სურთ რუსთაველის სამშობლოში ნამდვილ მოქალაქედ იწოდებოდნენ, აქტიური შრომითა და პროგრესული იდეებით იბრძოდნენ ქვეყნის მომავლისათვის. დღეს ქართველი გაორჭოფებული და თანაც გაზარმაცებულია. არ იცის რა ქნას, დარჩეს თავის ქვეყანაში, თუ წავიდეს ემიგრაციაში. უნდათ იცხოვრონ კარგად, მაგრამ შრომა არ უნდათ. აქვთ მოჭარბებული ილუზიები. მიწას ზურგი აქციეს, როცა ის ადამიანებისგან ითხოვს შველასა და მზრუნველობას არა თავის სასარგებლოდ, არამედ იმისათვის, რომ მზრუნველს ათმაგად და ასმაგად დაუბრუნოს სიკეთე უკან.

შრომისუნარიანი ახალგაზრდობა ემიგრაციაში მიდის. მას არ გააჩნია პატრიოტული სულისკვეთება, არ აინტერესებს თავისი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. ადამიანთა უმრავლესობა გაშმაგებით „ზრუნავს“ გამდიდრებისათვის, რაც შეიძლება მეტი წაღლიტოს ქვეყანას,  ხალხს  და  ცხოვრების ძირითადი დრო მაქსიმალურად მოახმაროს საწადელი მიზნის მიღწევას. როცა ადამიანთა დიდ ნაწილს არ აქვს საკმარისი განათლება მას ვერ მოვთხოვთ იმას, რასაც სულმნათი ზვიადი გამსახურდია გულისხმობდა: „ჩვენ უნდა ვიცხოვროთ დიადი იდეისათვის და არა ამქვეყნური კეთილდღეობისათვის“. სწორედ ის არ გაგვაჩნია, რაც უნდა ჰქონდეს მაღალგან­ვითარებულ ინტელექტუალურ ქართველ ერს.

სირცხვილია საქართველოში მცხოვრები ადამიანები წუწუნებდნენ იმაზე, რომ საკმარისი სარჩო-საბადო არ გააჩნია და გამოთქვამს უკმაყოფილებას, ვინ არის დამნაშავე? თუ არა  თითოეული ჩვენგანი?! როცა ახლო წარსულში საქართველოს ყველა კუთხეში, შეიძლება ითქვას, რომ  სიცოცხლე ჩქეფდა, სოფელი სოფელს ჰგავდა, მოსახლეობას უკეთესი საარსებო პირობები ჰქონდა, ვიდრე დღეს. ოჯახის თავკაცს უჭირს გამოკვებოს ცოლ-შვილი. თუ წინა პერიოდში სოფლის მცხოვრებ გლეხს კარ-მიდამოში სხვადასხვა ჯიშის ხილი, კენკროვანი ნაყოფი, ტყემალი, ქლიავი, ეკალა მოჰყავდა და აბარებდა სოფლის მიმღებ პუნქტს, საიდანაც გარკვეულ ფულად ანაზღაურებას იღებდა –  ცხოვრობდა. ყველაფერი ეს დღეს ბევრ სოფელში განიავებული და  სახლ-კარიც კი მიტოვებულია. რაშია საქმე? მიზეზი ბევრია...

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როცა ქვეყანას აქვს უნიკალური და მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე სასმელი, მინერალური და სამკურნალო წყლების ულევი რესურსი, როგორიცაა სავიზიტო ბრენდი ბორჯომი, ნაბეღლავი, სკური, საირმე, ზვარე, მიტარბი და  მრავალი სხვა,  ამ დროს კი  ქვეყანასა და ქვეყნის ბიუჯეტს უჭირს. წყალი და სხვა ნებისმიერი დიდი და მცირე რესურსი უნდა ჩავაყენოთ ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობის სამსახურში. არ შეიძლება ეს რესურსები  ჩალის ფასად ჩაუვარდეს ხელში კერძო პირებს. ამავდროულად იაფად შეძენილი რესურსებისგან მიღებული დიდი შემოსავლებიდან კაპიკები შედის  ბიუჯეტში და ამ რესურსების მეპატრონე მოსახლეობა თავისავე პროდუქტს მამასისხლად ყიდულობს. ამის კონტროლი მოსახლეობას არ ძალუძს და ეს ხელისუფლების პრეროგატივაა. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო მიხედავს ამ მეტად საჭირბოროტო და გადაუდებელი პრობლემის აღმოფხვრას და ეს ჩვენი ხმა არ დარჩება „ხმად მოღაღადისა უდაბნოსა შინა“!

შეიძლება ბევრმა აქამდე არ იცოდა, რომ „ბორჯომი“ საქართველოს აღარ ეკუთვნის. „ყოჩაღი“ ბანკირის ხაზარაძის მიერ, შევარდნაძის მმართველობისას ხელში ჩაგდებული ეს უნიკალური ეროვნული სიმდიდრე რამდენჯერმე გადაიყიდა და ბოლოს რუსი მილიარდერის მიხეილ ფრიდმანის ხელში აღმოჩნდა. ბორჯომის მეპატრონე რუსი მილიარდერი, დასავლეთის სანქციების შედეგად გაკოტრდა და ყველაფერს ყიდის. ახლა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეაჯებიან (ემუდარებიან), რომ  დაუბრუნოს ხაზარაძის მიერ გაყიდული „ბორჯომი“ საქართველოს. ასე უჭკუოდ გაასხვისეს ურაპატრიოტებმა  ქვეყნისათვის ძვირფასი სიმდიდრეები. ამიტომაა ნათქვამი „უპატრონო ეკლესიას ტურა-მგელი შეესიაო“.

აწგანსვენებული, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია გონივრულად უდგებოდა ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის დაცვა-შენარჩუნებას, ამიტომ ის არ ჩქარობდა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ჩატარებას. სამწუხაროდ, ხელისუფლების დამხობის შემდეგ ნაჩქარევად ჩაატარეს პრივატიზაცია და ქვეყნის არაერთი სიმდიდრე გაიყიდა,  გაიფანტა. ამ  სიმდიდრის საფასურად ქართველ ხალხს დაურიგეს ვაუჩერი. ამას ეხმაურება ნიკო ლორთქიფანიძის გენიალური ნოველა „იყიდება საქართველო“. როგორც ცნობილია ჩვენში მოღალატენი მუდამ ჭარბობდნენ ერთგულებს, ამიტომაა რომ ჭკუასუსტი მოღალატეების მიერ მოხდა ჰერეთის, ტაო-კლარჯეთის, აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და სხვა კუთხეების გასხვისება. აგრეთვე არასწორ გადაწყვეტას  ეწირება  3500 ჰექტარი მიწა  აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე. საფიქრალია რა მოჰყვება ასეთ ქმედებას მომავალში?

რა გვჭირს, ვის უნდა მივბაძოთ უფრო ძლიერი ქვეყანა, რომ ვიყოთ?

აბა ნახეთ ებრაელმა ერმა რას მიაღწია მონდომებით, ინტერესების  ერთგულებით, შრომით,   მიზანდასახულობითა და სამშობლოს სიყვარულით ააშენა და წალკოტად აქცია ხრიოკი უდაბნო და ჭაობი. ებრაელი სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ამიტომ მათი ქვეყანა განვითარების მაღალ დონეზე ავიდა. ისრაელში სოფლის მეურნეობის პროდუქციის 60% გადის ექსპორტზე. მოსავლიანობის გადიდიების მიზნით სასუქად იყენებენ ჰუმუსს, რომელიც მზადდება ნარჩენებისგან. როგორც არასოდეს ახლა თითოეულ ქართველს სჭირდება მეტი მონდომება და გონივრული მიდგომა, რომ დავძლიოთ კრიზისი, მაქსიმალურად ავამოქმედოთ  ჩვენ ხელთ არსებული რესურსები და უზრუნველვყოთ მოსახლეობის კვების პროდუქტებით დაკმაყოფილება.

ქვეყანაში, როდესაც კვების პროდუქტების ნარჩენების დიდი რაოდენობა გროვდება, ხომ შეიძლება დავამზადოთ იაფფასიანი და ნაკლებად შრომატევადი ჰუმუსი? ამას სჭირდება მონდომება და ინტერესი, რომ რესურსები გამოვიყენოთ მოთხოვნილებების შესაბამისად. დღეს ახალგაზრდა ისრაელის სახელმწიფო ანგარიშგასაწევი ქვეყანაა მსოფლიოში. ამ პატარა სახელმწიფომ არნახულ წარმატებას მიაღწია. შექმნა უნიკალური ინფრასტრუქტურა, საუკეთესო შრომის პირობები, მოტივაცია, კარგი გარემო იმისათვის, რომ ნიჭიერ ადამიანებს შეუქმნას შემოქმედებითი საქმიანობის პირობები, რათა ქვეყნის სასარგებლოდ მაქსიმალურად გამოავლინონ პოტენციური შესაძლებლობები. ქვეყანა იმართება გონივრულად, სახელმწიფო მოხელეები გამოირჩევიან მაღალი მეცნიერული და მენეჯერული აზროვნებით, შესაბამისად ქვეყანა აღწევს მნიშვნელოვან წარმატებებს და ხალხი ცხოვრობს კარგად, ბედნიერად და ლაღად.

ქვეყნის ადამიანისეული რესურსების გადარჩენა და საზღვარგარეთ გადინების შემცირება შეუძლებელია მხოლოდ კანონქვემდებარე აქტებით. აუცილებელია მოსახლეობის თვითშეგნების, შრომის დისციპლინისა და სამეწარმეო საქმიანობის ამაღლებისათვის სწორი პოლიტიკის გატარება.

რა არის სახელმწიფო თუ არა ადამიანისეული რესურსებით, ცოდნით, კვალიფიციური სპეციალისტებით, გამოცდილი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული აპარატი, რომელიც უნდა იღვწოდეს საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისათვის. როცა უფლება-მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება გამოუცდელ დაბალკვალიფიციურ სპეციალისტებს და პროფესიისადმი შეუთავსებელ ჯგუფს, ცხადია, შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ შეესაბამება საჭირო სტანდარტებს.

„ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, სჭირდება უფრო გააზრებული და მოქნილი სტრატეგია, რათა ნეპოტიზმის გარეშე განახორციელონ ადამიანისეული რესურსების შერჩევა და დანიშვნა.

ჩვენი აზრით, უფრო სასარგებლო იქნება, როცა ორგანიზაცია ვაკანტური ადგილის შევსებისათვის აცხადებს კონკურსს, საკონკურსო კომისია წარმოდგენილი უნდა იყოს სხვადასხვა დაწესებულებიდან მოწვეული სპეციალისტებით და მაშინ უფრო სანდო და ობიექტურ გადაწყვეტილებას მივიღებთ.  ამ შემთხვევაში შეირჩევიან კონკურსანტები, რომლებიც პასუხობენ მოთხოვნებს და უშეღავათო,  კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებული კონკურსის შედეგად ვაკანტურ ადგილს კანონიერად დაიკავებს მცოდნე და ღირსეული კანდიდატი. ასეთი მკაცრი მოთხოვნების პირობებში  უცოდინარ  და დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს არ ექნებათ სურვილი მიიღონ მონაწილეობა უშეღავათო ბრძოლაში.

ჩვენს ქვეყანას ბევრი ულევი რესურსი გააჩნია, მაგრამ არ ვიცით მისი გონივრული გამოყენება და ეფექტური მართვა. ზოგს მიაჩნია, რომ ქვეყანა ღარიბია. ნურას უკაცრავად, ქართული მიწის გონივრული და ინტენსიური დატვირთვის შედეგად, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, შესაძლებელია თავისუფლად  მოვიყვანოთ იმდენი სასურსათო პროდუქტი, რომ გამოიკვებოს 10-12 მილიონი ადამიანი. ასეთი რესურსების მქონე ქვეყანას თითოეული ადამიანისაგან სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, რომ მივაღწიოთ წარმატებას. გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და ნუ გავცვლით სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.  ჩვენი ქვეყანა განსხვავებულია მდებარეობით, თავისი უნიკალური თვისებებით. გვახსოვდეს და არ დავივიწყოთ „მამული, ენა, სარწმუნოება“. ჩვენ თუ არ მოვუარეთ ჩვენს ქვეყანას და არ დავდექით მოწოდების სიმაღლეზე,  თვალსა და ხელს შუა გაქრება ჩვენი სალოცავი სამშობლო. სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანი დაეპატრონება სისხლით მორწყულ მამა-პაპისეულ მიწა-წყალს. სამწუხაროდ, ეს პროცესი დაწყებულია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2015-2019 წლის ჩათვლით ირანის მოქალაქეებზე გაცემულია 1091 მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელთა ვადის გაგრძელება უპრობლემოდ ხდება. 2017  წელს  595  ბინადრობის ნებართვა გაიცა, 2018 წელს –  4693, 2019 კი – 5662. რა მიზანს ემსახურება ყოველივე ეს? აღნიშნული მოქალაქეები ხომ არ იღებენ მონაწილეობას ეკონომიკის განვითარებაში? ხომ უნდა იყოს მითითებული რა მიზნით არიან ირანელები შემოსული საქართველოში? ხომ უნდა იცოდეს ყოველივე ეს საქართველოს მოსახლეობამ? დღეს საქართველოს დაახლოებით 11 ათასი სახლი თუ ბინა არის ირანის მოქალაქეთა საკუთრებაში. თუ ასეთი ტემპით დაიწყო სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეთა შემოდინება,  მაშინ ისედაც მცირერიცხოვან საქართველოში დემოგრაფიული სიტუაცია კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ის ქართველი თუ ფიქრობს ნაღდ ქართველობაზე, მაშინ კეთილი ინებოს სხვა ქვეყანაში განცხრომით ცხოვრებას ამჯობინოს მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ მხარეში დაბრუნდეს და ააღორძინოს მამა-პაპიდან გადაცემული  მამული. ნუ გახდებით ქონებისა და კეთილდღეობის მონა. თქვენს მომავალ თაობას ჩაუნერგეთ მამულის სიყვარული,  თქვენმა შვილებმა არ დაივიწყონ წინაპრები და ხელი შეუწყონ ქვეყნაში პროგრესის განვითარებას. როცა ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა იგრძნეს ქართული სულის ყივილი,   ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ განაგრძეს მოღვაწეობა. კერძოდ, იტალიაში მცხოვრებმა და საქართველოში დაბრუნებულმა  პროგრამისტმა სანდრო თურნავამ თბილისში ჩამოაყალიბა სპეციალური სამსახური, სადაც გააერთიანა საფუძვლიანი  ცოდნით და კვალიფიკაციით აღჭურვილი ახალგაზრდობა, რომლებიც ასრულებენ მსოფლიოს დიდ დაკვეთებს. ხოლო ალადაშვილი სოფლის მეურნეობის საქმიანობაში ჩაერთო და თავისი მაგალითით მოუწოდა ახალგაზრდობას, რომ როცა მიზანი სწორადაა დასახული, ოფლის დაღვრითა და გონივრულად დახარჯული შრომის შედეგად უეჭველად მიაღწევთ საჭირო შედეგს. ასეთი მაგალითები მრავლად არის ჩვენს სინამდვილეში, ემიგრაციაში მიღებული გამოცდილების თანამემამულეებისათვის გაზიარებით   ისინი აქტიურად იღებენ მონაწილეობას ქვეყნის გაძლიერებასა და განმტკიცებაში.

დღევანდელმა კრიზისმა უნდა დაგვაფიქროს იმაზე, რომ მომავალში შესაძლებელია იმპორტის მხრივ ზოგიერთი საკვები პროდუქტის შემოტანა მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამიტომ როგორც არასოდეს მაქსიმალურად ვეცადოთ არ დავტოვოთ დაუმუშავებელი მიწა, რათა გავზარდოთ მოსავლიანობა და უზრუნველვყოთ მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ფერმერებმა და მიწის კერძო მფლობელებმა სახელმწიფოს დახმარებით გამოიჩინონ დიდი ძალისხმევა, რომ გაზარდონ აგრობიზნესის პროდუქტების უხვი მოსავლის წარმოება.

როგორც ცნობილია,  თავიდან ბოლომდე პანდემიამ შეცვალა ცხოვრების რიტმი, ყოველივე ამან არა მარტო ჩვენი და მეზობელი ქვეყნების ისედაც სუსტ ეკონომიკაზე, არამედ ეკონომიკურად ძლიერ განვითარებულ ქვეყნებზეც დიდი გავლენა იქონია. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა ბოლო წლებში ხორბლის ნათესების ფართობი სამჯერ და მეტად შემცირდა.ეს ჩვენთან უფრო მეტად საგრძნობია, რადგან  ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ჩვენი მოქალაქეების კვების რაციონში ხორბლის პროდუქციის წილი თითქმის 50%-ს შეადგენს (მაშინ, როცა ბევრ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15%-ია), 1,5-ჯერ შემცირდა სიმინდის ნათესების ფართობი, ეს გამოიწვია სასუქების ფასების ზრდამ და ტექნიკის უკმარისობამ, ამის გამო დროზე ვერ მოიხნა მიწა, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ნათესი ფართობის შემცირება.  განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი იმ რეგიონებზე, სადაც სიმინდის უხვი მოსავალი მოდის. დაშვებული შეცდომების გამო გაიზარდა კარტოფილის იმპორტი 6,5-ჯერ, ბოსტნეულის – 11-ჯერ, ხორცპროდუქტების  – 53%-ით, მცენარეული ცხიმის – 8,5%-ით და ა.შ. ამას ემატება კლიმატური პირობების გლობალური ცვლილებების სოფლის მეურნეობაზე ზემოქმედების გაუთვალისწინებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ ლობიოსა და კარტოფილის დეფიციტის შემცირებაში გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს, სადაც შეიძლება მაღალი საგემოვნო თვისებების კარტოფილისა და ლობიოს ნათესების ფართობის გაზრდა და შესაბამისად მოსავლიანობის გადიდება. ერთი სიტყვით ყველა პირობა შევუქმნათ აღნიშნული რეგიონის მებოსტნეებს მცენარეული კულტურების ნათესი ფართობების გადიდებასა და მოვლაში. აქვე აღვნიშნოთ, რომ უნდა აიკრძალოს ცხოველური პროდუქტების საზღვარგარეთ გატანა, რაც მძიმე მდგომარეობაში აყენებს მომხმარებელს, იწვევს საცალო ფასების გადიდებასა და დეფიციტის წარმოქმნას. ყველასათვის ცნობილია, რომ ქართველები დიდი რაოდენობით მოიხმარენ ბოსტნეულ პროდუქტს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით იწარმოება ბოსტნეული, მიუხედავად ამისა იზრდება იმპორტის ხვედრითი წილი. ბოსტნეულის ყველა სახის პროდუქციაზე საცალო ფასები 4-ჯერ და მეტად გაზრდილია. ფასების ზრდას იწვევს მაფიოზური კლანების აქტიურობა, რომლებიც დაგეშილი არიან ბითუმად და იაფად  ჩაიგდონ ხელში ბოსტნეულის დიდი მოცულობა და მერე მაღალ ფასებში გაყიდონ. მწარმოებელი  შრომატევადი სამუშაოების შესრულების შედეგად გაცილებით  ნაკლებ შემოსავალს იღებს, ვიდრე აღნიშნულ ბოსტნეულზე დაგეშილი კლანი. კარგი იქნება თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი ხელს შეუწყობს მებოსტნეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის საქმეში, ასევე შექმნის  ბოსტნეულის ჩასაბარებელ სპეციალიზებულ პუნქტებს, სადაც მწარმოებელს წინასწარ ეცოდინება პროდუქციის ფასი და მთელი დღე აგრობაზარში ჯდომის ნაცვლად  ჩააბარებს თავისი შრომის ნაყოფს დროის დაკარგვის გარეშე, კმაყოფილი დაბრუნდება სახლში და გააგრძელებს თავის საქმიანობას.

ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ყოველდღიური მოხმარების საგნებზე საცალო ფასების უწყვეტი ზრდა. ხომ შეიძლება იმპორტიორმა ან მარკეტების კერძო მესაკუთრემ შეამციროს მოგების წილი და ამოასუნთქოს დაბალხელფასიანი ადამიანები,  რომლებიც ამ ეტაპზე გაუსაძლის კრიზისულ  მდგომარეობაში იმყოფებიან.

როგორც სოციოლოგი სერგეი ლაზარევი აღნიშნავს, პრინციპში სახელმწიფო ისე ფუნქციონირებს, როგორც ნებისმიერი ორგანიზმი. თუ ადამიანისთვის მატერიალური კეთილდღეობა პირველ ადგილზეა, ხოლო სულიერება, სიყვარული, ზნეობრიობა მეორეზე, ასეთი ადამიანი პოტენციური დამნაშავეა. თავისი მატერიალური ინტერესების მისაღწევად ის მზად იქნება უღალატოს, მოკლას, იქურდოს და მოატყუოს ნებისმიერი მოქალაქე,  რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მსგავსი სქემით მოქმედებისათვის არიან განწირული. არ გაგვიგია, რომ რომელიმე სახელმწიფოს კონსტიტუციაში სიტყვები – სიყვარული, „სული“ ფიგურირებდეს და მატერიალურ კეთილდღეობასთან შედარებით მათი პრიორიტეტულობა იყოს ნახსენები, ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკოსი ნებსით თუ უნებლიეთ მოქმედებს სქემით „მიზანი ამართლებს საშუალებას“, რითაც  უფრო სასტიკი და უზნეო იქნება მისი მიღწევის საშუალებები.

ადამიანი, რომელიც ჩამოყალიბებული პიროვნებაა დღენიადაგ იმის ფიქრშია, თუ როგორ დაუდგეს ქვეყანას გვერდში, რა გააკეთოს, რა სამსახური გაუწიოს, რომ აქტიური როლი ითამაშოს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. სწორედ ასეთი ადამიანის ჩამოყალიბებაში უდავოდ დედის დიდი შრომაა ჩადებული, რომელიც იმსახურებს დიდ პატივისცემას და სიყვარულს. ის იამაყებს ყოველთვის, რადგან მისი შვილი ეწევა სასარგებლო საქმეს,  ხოლო ზოგიერთი ახალგაზრდების ნაწილი ჩართულია აზარტული თამაშების მაფიაში (იგივე კაზინოების მაფია), რომელიც თვით ნარკომანიაზე არანაკლებ ძლიერი ვერაგი და ულმობელია. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ საქართველოში კაზინოს მაფია თანხების წლიური ბრუნვით არა მხოლოდ ბენზინის ბიზნესს, ნარკომაფიასაც ბევრად აღემატება. აქვე შეიძლება აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აზარტულ თამაშებში დაახლოებით 800 ათასამდე მოქალაქეა ჩაბმული, მათ შორის სკოლის მოსწავლეთა დიდი ნაწილიც, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზე,  ახალგაზრდების  ჯანმრთელობაზე და მომავალ ცხოვრებაზე. ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ეს საკმარისი როდია. ბევრ ქვეყანაში კაზინოები გაუქმებულია, აზარტული თამაშები აკრძალულია. ხელისუფლებამ პრიორიტეტად უნდა მიიჩნიოს ამ  ვერაგ სენთან ბრძოლა,  მის წინააღმდეგ შემოიღოს რეგულაციები, რათა დაღუპვისაგან ვიხსნათ ჩვენი მომავალი თაობა და დავუბრუნოთ მათ ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ნარკომაფიაში ჩართული პირების, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ და ეწევიან ნარკოტიკების შეძენა-რეალიზაციას, სასჯელი ადეკვატური უნდა იყოს. თუ სასჯელი სუსტი იქნება, ის ადამიანს ვერ შეაჩერებს და მას ახალი დანაშაულებისაკენ უბიძგებს. ყველასათვის სავალდებულოა, რომ დაიცვას კანონი და პატივი სცეს მის აღსრულებას. ქვეყანაში არ იქნება ცხოვრების ნორმალური რიტმი, როცა ხშირია კანონების დარღვევის შემთხვევები და არ ხდება მასზე რეაგირება. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს, რადგან ამის გარეშე ყოვლად შეუძლებელია ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა და საზოგადოების უსაფრთხოდ და ნორმალურად წარმართვა.

დავით აღმაშენებელზე უკეთესად არავინ იცოდა, რომ ადამიანის სარზე გასმა ქართველი ხალხის ბუნებისა და კულტურისათვის სულაც არ იყო მისაღები (ამ შემთხვევაში ადამიანის სარზე გასმას კი არ ვგულისხმობთ, არამედ უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომ  საზოგადოებამ იგრძნოს კანონის აღსრულება და მისი შედეგი), მაგრამ ლიპარიტ და რატი ბაღვაშებს ასე რომ არ მოქცეოდა, ძლევამოსილ სახელმწიფოს ვერ ააშენებდა. ყველა რანგის მენეჯერმა თუ სახელმწიფო მოხელემ უნდა იცოდეს დანაშაულის ჩადენისა და კანონის გადაცდომის შემთხვევაში დასჯის ან ჯარიმის რა ფორმა გამოიყენოს.

უკანასკნელ პერიოდში დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში არასახარბიელოა, რადგან მოსახლეობის დენადობის ხვდერითი წილი მაღალია.   მიგრანტები მიზეზად  ასახელებენ სამუშაო ადგილების არ არსებობას, როცა ემიგრანტები უდიდეს ენერგიას ხარჯავენ საზღვარგარეთ, თუ ანალოგიურ სამუშაოს შეასრულებენ თავიანთ ქვეყანაში, მაშინ არსებული პრობლემები თანდათან გადაიჭრება, უკეთესობისკენ  წავა ჩვენი ყოფა-ცხოვრება და გაუმჯობესდება დემოგრაფიული სიტუაცია. 

ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა ყველა საუკუნეში არასახარბიელო იყო, განსაკუთრებით დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესების მიზეზად ითვლებოდა გაუთავებელი ომები, სხვადასხვა ავადმყოფობა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენდა დემოგრაფიაზე. უნდა აღინიშნოს 1783 წლის მდგომარეობით მთელ საქართველოში დაახლოებით 670 ათასი კაცი ცხოვრობდა. აქ იგულისხმება ყველა ქართველიც, თათარიც, სომეხიც, სპარსიც, ქურთიც და ა.შ. ანუ 670 ათასიდან, ეთნიკური ქართველი დაახლოებით 300 ათასი კაცი თუ იქნებოდა. მე-18 საუკუნის მიწურულს და მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოში შავი ჭირისა და ქოლერის პანდემიამ 670 ათასი კაცი, ფაქტობრივად გაანახევრა და 1814 წლის მდგომარეობით საქართველოში უკვე დაახლოებით 200 ათასამდე ქართველი ცხოვრობდა,  რაც იმაზე უფრო ნაკლებია რამდენი ქართველიც 1989 წლის აღწერის მონაცემებით, მხოლოდ ქუთაისში სახლობდა.

როგორც ჩანს, წინა და ახლანდელ საუკუნეებში წითელი ხაზივით გასდევს მწვავე დემოგრაფიული მდგომარეობა, რაც ყველა ხელისუფლების აქილევსის ქუსლი იყო. ცხადია, რომ ერის გამრავლების მნიშვნელოვანი ეტაპია კეთილგანწყობა და ნორმალური ცხოვრების პირობები.

დემოგრაფიის აღმავლობის მნიშვნელოვანი პირობაა, მოსახლეობის სოციალური მდომარეობის გაუმჯობესება. კახეთის რეგიონში დარგული ვენახების ფართობების გადიდება  სამუშაო ადგილების შექმნის რეალურ შანს იძლევა, ზრდის დასაქმებულ ადამიანთა საერთო რაოდენობას და მშრომელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დემოგრაფიული სიტუაციის გამოსწორების საუკეთესო პირობაა.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ჩაის მრეწველობაში ბიზნესმენ ბაუერის შემოსვლამ პროდუქციის  გაკეთილშობილების ნაცვლად ქვეყანა ჩაის გარეშე დატოვა. დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში ჩაის პლანტაციები განადგურდა, ძირფესვიანად ამოძირკვეს, ეკალ-ბარდში გაეხვია პლანტაციები, დაიწყო მასიური ხმობა. პირველადი და მეორეული ჩაის ფაბრიკები ნანგრევებად აქციეს. კარგი და სურნელოვანი ქართული ჩაი დეფიციტია. ღალატის ტოლფასია და დასანანია, რომ მაღალხარისხოვანი სურნელოვანი მწვანე ოქროს მოსაყვანად არ ვიყენებთ კოლხეთის მიწასა და კლიმატს. აღნიშნულ მხარეში ჩაის პლანტაციის მასიურად რეაბილიტაციის შედეგად ათიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება და საზღვარგარეთ გახიზნული ქართველები დაუბრუნდებიან თავიანთ სახლ-კარს. ვფიქრობთ, ესეც შეიტანს გარკვეულ წვლილს დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. დასანანია, როცა ქართველები მასიურად მიდიან თურქეთში ჩაის საკრეფად და ნაკლებ შრომის ანაზღაურებას ღებულობენ, ვიდრე მეტ შემოსავალს მიიღებდნენ ჩვენთან.

დავით აღმაშენებლისა და თამარის მეფობის პერიოდში ქართველმა საზოგადოებამ  XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აღმავლობას მიაღწია. საქართველო კავკასიის უმაღლეს სახელმწიფოდ და მახლობელი აღმოსავლეთის ერთ-ერთ წამყვან ერთეულად იქცა. საქართველოს ძლიერებას განაპირობებდა წინდახედული, გონიერი, ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი ხელისუფალი, რომელსაც სიცოცხლის ფასად უჯდებოდა ქვეყნის ძლიერებისა და მშვიდობის განმტკიცება. ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, რომ ამ პერიოდში ქვეყნის მოსახლეობა 12 მილონ სულს აღწევდა.

ჩვენი თითოეული ქართველი მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყო, მაშინ თავიდან ავიცილებდით იმას, რასაც  აღნიშნავს უკრაინაში მცხოვრები პოეტი რაულ ჩილაჩავა – უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენ დავამხეთ და მოვკალით პირველი პრეზიდენტი, რვაგზის ავიკელით და გადავბუგეთ სამეგრელო, ვხოცეთ ერთურთი, გავაღატაკეთ მოსახლეობა, გავანადგურეთ ეკონომიკა, დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო.

უნდა გვახსოვდეს, რომ ნაკლები დრო დავუთმოთ კინკლაობას მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსები და მეტი დრო და ენერგია მოვახმაროთ ეროვნული ეკონომიკის განვითარებას და ტრადიციული დარგების აღორძინებას, რათა შეწყდეს შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება საზღვარგარეთ და ქართველ მშრომელთა პოტენციალი მოხმარდეს არა უცხო ქვეყნებში დოვლათის შექმნას, არამედ ჩვენი ქვეყნის აყვავებას და მშრომელთა კეთილდღეობის ამაღლებას.

ხელისუფლებამ უნდა გაატაროს გონივრული რეფორმები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის სტაბილურობის, ეკონომიკის, ხალხის კეთილდღეობის, მართლწესრიგის ამაღლება-განმტკიცებაში. მთავრობა დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს სახელმწიფოებრივი და მუნიციპალური მართვის სტრუქტურებში ადამიანისეული რესურსების მოძიებასა და მის ეფექტურ გამოყენებას. საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშნული ადამიანები უდიდეს პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდენ არა დამსაქმებლის მიმართ, არამედ ქვეყნისა და ხალხის წინაშე და იგივეს მოითხოვდენ თავისი ხელქვეითებისგანაც. ყველა რგოლში შეურიგებლობა უნდა იგრძნობოდეს უნიათო და დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანისეული რესურსის მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შრომის დისციპლინისა და უსაფრთხოების განუხრელ დაცვას. ყოველივეს დაერქვას თავისი ნამდვილი სახელი და დასასჯელი დაისაჯოს. როგორც ციცერონი იტყოდა: „დაუსჯელობა დანაშაულის ყველაზე დიდი წახალისებაა“. თუ გვინდა ვიყოთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი, უნდა ვისწავლოთ კანონმორჩილება და პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობისადმი. 

დასკვნა

ნაშრომში განხილულია კანონმორჩილი ქვეყნების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის შესაძლებლობები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც დღენიადაგ ზრუნავს ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლებასა და მოქალაქეთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, ხოლო თავის მხრივ  ყოველი ადამიანი მზრუნველობას იჩენს მაღალი საზოგადოების ჩამოყალიბება-განვითარების მიმართ. იქმნება იმის პირობა, რომ ადამიანები შეგნებულად მიუდგნენ როგორც პირად, ასევე სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესრულებას. როდესაც მოქალაქე  კანონის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს, მაშინ ხელისუფლება საზოგადოების წევრებთან ერთად შეძლებს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას.

აქვე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ შინაური მტრების მიერ ქვეყნის არაერთი მატერიალური და არამატერიალური ფასეულებები იქნა ხელყოფილი, მათ შორის  ყველაზე მტკივნეულია ის, რომ ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის მთელი რიგი ნაწილები.

განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ქართული ბრენდის „ბორჯომისა“ და სხვა მინერალური წყლების ქვეყნისათვის გონივრულ და ეფექტურ გამოყენებაზე. აგრეთვე განხილულია მსოფლიო ბაზარზე აგროსასუქებზე ფასების მკვეთრი ზრდის პირობებში  ქვეყანაში არსებული შიგა რესურსების გამოყენების შესაძლებლობა  ეფექტური საშუალების,  ჰუმუსის წარმოებით. დღევანდელმა კრიზისმა უნდა დაგვაფიქროს იმაზე, რომ მომავალში შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს იმპორტის მხრივ ზოგიერთი საკვები პროდუქტების შემოტანა. ამიტომ როგორც არასოდეს მაქსიმალურად ვეცადოთ არ დავტოვოთ დაუმუშავებელი  მიწა, რათა გავზარდოთ მოსავლიანობა და უზრუნველვყოთ მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ფერმერებმა და მიწის კერძო მფლობელებმა სახელმწიფოს დახმარებით გამოიჩინონ დიდი ძალისხმევა, რომ გაზარდონ აგრობიზნესის მიმართულებით პროდუქტების უხვი მოსავლის წარმოება. ხელისუფლებამ უნდა გაატაროს გონივრული რეფორმები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის სტაბილურობის, ეკონომიკის, ხალხის კეთილდღეობის, მართლწესრიგის ამაღლება-განმტკიცებაში. მთავრობა დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს სახელმწიფოებრივ და მუნიციპალური მართვის სტრუქტურებში ადამიანისეული რესურსების მოძიებასა და მის ეფექტურ გამოყენებას. საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშნული ადამიანი უდიდეს პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს არა დამსაქმებლის მიმართ, არამედ ქვეყნისა და ხალხის წინაშე და იგივეს მოითხოვდეს თავისი ხელქვეითებისგანაც. ყველა რგოლში შეურიგებლობა უნდა იგრძნობოდეს უნიათო და დაბალკვალიფიციური ადამიანისეული რესურსების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შრომის დისციპლინისა და უსაფრთხოების განუხრელ დაცვას. ყოველივეს დაერქვას თავისი ნამდვილი სახელი და დასასჯელი დაისაჯოს. თუ გვინდა ვიყოთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი უნდა ვისწავლოთ კანონმორჩილება და პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობისადმი.